понедельник, 6 декабря 2010 г.


კონსტანტინე (ლათინური) "მტკიცესი", "ურყევისა", "მედგარისა" (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა.

пятница, 15 октября 2010 г.




ეროსი
(ბერძნ. Έρως), ბერძნული მითოლოგიის ერთ–ერთი უძველესი ღვთაება. იგი სამყაროს საწყისად მიაჩნდათ. ითვლებოდა ბუნების სტიქიური, შემოქმედებითი ძალების ღვთაებად. ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანოსი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი და ყრუ, დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა.
ზოგჯერ ეროსი გაზაფხულის ღმერთადაც მიაჩნდათ. ეროსი განაგებდა და მფარველობდა ადამიანების და ღმერთების შინაგან ბუნებას და ზნეობას. ეროსის სიძლიერის წინაშე უკან იხევდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები. შედარებით გვიან ეროსი ხდება სიყვარულის ღმერთი, აფროდიტეს თანამგზავრი და მოციქული. ეროსის მშვილდიდან ნასროლი ოქროს ისარი არ ცდება არც ღმერთებს და არც ადამიანებს. შეაქვს მათს სულსა და ხორცში სიყვარულის მძაფრი გრძნობა, რომელსაც თან ახლავს სიხარული, ბედნიერება, ტკივილი და ზოგჯერ დაღუპვაც. ეროსი ითვლება არა მხოლოდ ქალ–ვაჟის, არამედ მეგობრული სიყვარულის ღმერთადაც. ელინისტურ ეპოქაში წარმოიშვა აზრი მრავალი ეროის არსებობის შესახებ. რომში ეროსს ხან ამორს უწოდებდნენ (ლათ. amor – სიყვარული, ქართულში ფრანგულიდანაა შემოსული და ამური ეწოდება), ხან კუპიდონს (cupido - გულით ნდობა, ვნებიანი სიყვარული). თანდათანობით ეროსი გახდა მწუხარებაში დამშვიდების ღვთაება. ამიტომ საფლავებზე ზოგჯერ მისი პატარა ქანდაკებები გვხვდება. მართალია საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული ეროსის კულტი, მაგრამ არა მისი ტაძრები. ეროსის ყველაზე მეტად ცნობილი ტაძარი განლაგებული იყო თესპიაში, სადაც ხუთ წელიწადში ერთხელ ეროსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ეროტიდიები იმართებოდა.


ეროსი მანჯგალაძე




მას ეროსი ერქვა - სიყვარულის ღმერთის სახელი
მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო. ეროსი მანჯგალაძის გამოჩენა ყველგან აჟიოტაჟს იწვევდა.მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო. ეროსი მანჯგალაძის გამოჩენა ყველგან აჟიოტაჟს იწვევდა.
გამვლელები უღიმოდნენ, აჩერებდნენ და სახლში ეპატიჟებოდნენ. იგი ბაზარში სიარულს ერიდებოდა, რადგან გამყიდველები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ. ეროსის ავტომობილს მილიცია მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ მას გასაუბრებოდნენ.
პოპულარობის მიუხედავად ცხოვრებაში იგი საოცრად მორცხვი და მორიდებული ადამიანი იყო. ლაპარაკის დროს თანამოსაუბრეს ხშირად თვალებს ვერ უსწორებდა. ზედმეტი ყურადღებისგან თავს უხერხულად გრძნობდა და იბნეოდა. ასეთ შემთხვევაში იგი არტისტიზმს იშველიებდა, რომ რამენაირად სიმორცხვე დაემალა. უბადლო ნიჭის წყალობით მის გარდასახვას თანამოსაუბრე ვერ ამჩნევდა.
მაგრამ, ეროსის ნამდვილი გარდასახვა სცენაზე ხდებოდა. წარმოდგენისას იგი მთლიანად იცვლებოდა და ყველა კომპლექსისგან თავისუფლდებოდა. სიმორცხვის დაძლევაში გრიმი, პარიკი და თეატრალური კოსტიუმი ეხმარებოდა. გრიმიორთან ერთად, სარკესთან საათობით იჯდა. როდესაც პარიკს დაიხურავდა, თეატრალურ კოსტიუმს ჩაიცმევდა და გრიმს გაიკეთებდა, ეროსის სიმორცხვისგან აღარაფერი რჩებოდა.
ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 3 მარტს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. პირველი როლი 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სოფლის სკოლაში დაიდგა, ეროსი მანჯგალაძე კურდღელს თამაშობდა. თეთრი კოსტიუმი ეცვა, თავზე დიდი ყურები ეკეთა და სცენაზე დახტოდა. პატარა ეროსის თამაში ყველას მოეწონა.

მალე მანჯგალაძეების ოჯახი სოფლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოსახლდა. დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ, პატარა ეროსი და-ძმასთან და მშობლებთან ერთად, წარმოდგენებზე ხშირად დადიოდა. მანჯგალაძეების ოჯახში თეატრი ძალიან უყვარდათ. თუმცა, იმ პერიოდში ეროსი მსახიობის პროფესიაზე საერთოდ არ ფიქრობდა. ეროსის თეატრისგან მკვეთრად განსხვავებული სფერო იზიდავდა.
ბელა მანჯგალაძე (ეროსი მანძგალაძის და): "ახალგაზრდობაში ეროსის არასოდეს უფიქრია, რომ მსახიობი გამოვიდოდა. ჯერ მათემატიკოსობა უნდოდა. შემდეგ სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ სამხედროთა პროფესია კი არ იზიდავდა, ოფიცრების ფორმა მოსწონდა. იმ პერიოდში სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს საყელურებზე ატარებდნენ. ოფიცრებს სხვადასხვა ზომისა და ფერის რომბები ჰქონდათ მიკერებული. ეროსის ეს რომბები მოსწონდა და თვითონაც სურდა მათი ტარება."
სცენის და მსახიობობის ინტერესი ეროსის მეათე კლასში გაუჩნდა. სკოლაში სადაც ეროსი სწავლობდა, მოსწავლეების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენები ხშირად იმართებოდა. ამ წარმოდგენებში ეროსიც აქტიურად მონაწილეობდა. ერთხელ სკოლაში რუსთაველის თეატრის მსახიობი ზაზა მაჩაბელი მოვიდა და პიესა "რღვევა" დადგა. მანჯგალაძემ მთავარი როლი ითამაშა. ეროსის ნიჭით მოხიბლულმა მაჩაბელმა მას მსახიობობა ურჩია. ამის შემდეგ მანჯგალაძემ მსახიობობა მტკიცედ გადაწყვიტა.
სკოლის დასრულების შემდეგ, მანჯგალაძემ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები ვერ ჩააბარა. მიმღებმა კომისიამ მისი არტისტული მონაცემები არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა. მაგრამ, ეროსის მსახიობობის სურვილი იმდენად დიდი ჰქონდა, რომ იგი თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ეროსი მოგვიანებით, 1941 წლის იანვარში გახდა.
თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, მანჯგალაძემ მუშაობა საქართველოს სახელმწიფო რადიოკომიტეტში დაიწყო. 1941 წელს რადიოკომიტეტმა დიქტორების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ეროსის დედამ ურჩია. კონკურსზე ეროსიმ "მოყმის და ვეფხვის" ბალადის ნაწყვეტი წაიკითხა. კომისიას მისი ხმა იმდენად მოეწონა, რომ იგი 32 კონკურსანტს შორის გამოარჩია. ამის შემდეგ, 17 წლის ახალგაზრდა საქართველოს რადიოს უცვლელი ხმა გახდა. ეროსის ქართველ ლევიტანს ეძახდნენ. მაგრამ, მისი ხმა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იყო. ომის დროს ეროსის ხმით იგებდა ქვეყანა ფრონტის ამბებს, რომელიც რადიორეპროდუქტორიდან თითქმის ყოველდღე ისმოდა. ის ცოცხლობდა მიკროფონთან. ხმით თამაშობდა და თხრობის უნიკალური მანერის საშუალებით მსმენელის ფანტაზიას აღვიძებდა. რადიოში ეროსის მიერ გადმოცემულ ამბავს გაცოცხლება არ სჭირდებოდა. მისი ხმის საშუალებით მსმენელის წარმოსახვაში ცოცხალი სურათი იხატებოდა. სცენაზე ეროსის პარტნიორი მედეა ჩახავა მანჯგალაძის ხმას შემდეგნაირად იხსენებს: "ხმა ჰქონდა რაღაც ჯადოსნური, ხავერდოვანი, დაბალი. კი არ ლაპარაკობდა - ღუღუნებდა. თითქოს მუსიკა იღვრებოდა მისი ბაგეებიდან."
მანჯგალაძის მიერ წაკითხული პოლიტიკური ინფორმაციაც კი მხატვრულ ღირებულებას იძენდა. ეროსი გადმოსცემდა საფეხბურთო მატჩების, სამხედრო აღლუმების, პირველი მაისისა და შვიდი ნოემბრის დემონსტრაციების რეპორტაჟებს, მნიშვნელოვან სამთავრობო დადგენილებებს, სახალხო ზეიმებს და თბილისობებს:
ზურაბ კანდელაკი (რეჟისორი): "როდესაც ეროსი მანჯგალაძესთან პირველად მომიწია მუშაობა, რამდენჯერმე მის შესწორებას შევეცადე. ეროსის წამყვანის ტექსტი ჰქონდა წასაკითხი. მთელი გვერდი იყო და იგი მიკროფონთან ერთ ჯერზე, პაუზის გარეშე უნდა ჩაგვეწერა. ტექსტის დასაწყისში ეროსის ბრუნვა შეეშალა და შევაჩერე. ამაზე მან მთხოვა, რომ თუ მსგავსი შეცდომა კიდევ მოუვიდოდა, ჩაწერა არ გამეჩერებინა. გამიკვირდა, მაგრამ მისი თხოვნა გავითვალისწინე. როდესაც თავიდან დავიწყეთ ჩაწერა, ეროსის კვლავ შეეშალა ბრუნვა, მაგრამ კითხვის დროს ტექსტი თანდათან ისე გადააკეთა, რომ შეცდომა გაჩერების გარეშე გამოასწორა. საქმე ისაა, რომ როდესაც ეროსი ტექსტის ერთ ნაწილს ხმამაღლა კითხულობდა, ამ დროს მისი თვალი და გონება მომდევნო წინადადებას ამუშავებდა."
რადიოკომიტეტში მუშაობის გამო, თეატრალურ ინსტიტუტში ლექციებს ხშირად აცდენდა. თუმცა, საკუთარი ნიჭის წყალობით, სცენაზე ადგილის დამკვიდრება უკვე მესამე კურსიდან შეძლო. 1945 წელს რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის "მდაბიონი" დადგა. ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა. მანჯგალაძის სრულფასოვანი დებიუტი კი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სპექტაკლში "ღრმა ფესვები" შედგა:

ბელა მანჯგალაძე: "იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცკ-ს მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა: სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთი სახელიაო. მოდით, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლის თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა. აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს."
ვასილ ბარნოვის ქუჩაზე, ოროთახიან ბინაში, ეროსი მარტო ცხოვრობდა. მას არც მეუღლე ჰყავდა და არც შვილი. მსახიობ ელენე ყიფშიძესთან მისი ქორწინება ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. მარტოხელა მსახიობის ბინა, ეროსის მეგობრებისათვის ერთგვარი კლუბი იყო. სახლში მანჯგალაძე მარტო ვერ ძლებდა. მის გვერდით ვინმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით მაშინ უჭირდა, როდესაც სპექტაკლი არ ჰქონდა. მისი საყვარელი გართობა მეგობრებთან ბანქოს და ნარდის თამაში იყო. თამაში აუცილებლად ეროსის უნდა მოეგო, თორემ ცუდ ხასიათზე დგებოდა და დანა პირს არ უხსნიდა. მეგობრებმა ეს იცოდნენ და ამიტომ ეროსისგან შეუმჩნევლად ისე აკეთებდნენ, რომ მასპინძელი ყოველთვის კარგ განწყობაზე იყო.
მეგობრებთან საღამო ტრადიციულად სუფრასთან გრძელდებოდა. საკუთარ სახლში ეროსი მანჯგალაძე ყოველთვის თამადა იყო. მისი ნებისმიერი სადღეგრძელო იმპროვიზაციისა და მხატვრული კითხვის მაგალითს წარმოადგენდა. სადღეგრძელო მისთვის მხოლოდ ღვინის სმა არ იყო. მანჯგალაძეს თავისი ფილოსოფია ჰქონდა, რომელსაც სუფრაზე შემდეგ სახეს იღებდა: "შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებული, შევარცხვინე ის სიტყვა, რომელიც ჭიქის პირისკენ წაღებამდეა გაფიქრებული, ვენაცვალე იმ სადღეგრძელოს ჭიქის ხელში აღებისას რომ არის ჩამოსხმული, ჭიქასთან ერთად რომ არის აწეული და ჭიქასთან ერთად რომ არის ჩაფიქრებული."
მას სიბნელეში ძილი არ უყვარდა. ამიტომ საძინებელ ოთახში სინათლე ღამეც ენთო. ეროსის სიკვდილის განსაკუთრებულად ეშინოდა. ორ ოთახიან ბინაში წამლები ყველგან ეწყო:
რეზო ბალავაძე (დისშვილი): "როდესაც ეროსი გარდაიცვალა, მის ბინაში საცხოვრებლად მე გადავედი. სახლში ადგილი არ იყო სადაც წამლები არ ეწყო. ყველგან წამლები, იყო: საძინებელში, სამზარეულოში, დიდ ოთახში. ერთადერთი ადგილი ალბათ მაცივარი იყო, სადაც სამედიცინო პრეპარატებს არ ინახავდა. სიცოცხლეში ჯიბეები სულ წამლებით ჰქონდა გამოტენილი. ფიზკულტურას არასოდეს მისდევდა. უფრო წამლების სჯეროდა.
მარტოობას ეროსი ტანგოსთან ერთად ატარებდა. ტანგო იაპონური ჯიშის ძაღლი იყო და მსახიობს იგი ქვეყანას ერჩია. მანჯგალაძეს ძაღლი მოსკოვში აჩუქეს. ბავშვობაში ეროსის სოფელში საყვარელი ძროხა ჰყავდა, რომელსაც ტანგო ერქვა. ძაღლმა სახელი მემკვიდრეობით სწორედ ძროხისგან მიიღო.
ნუგზარ ჯუღელი (სპორტული კომენტატორი): "ეს ტანგო უნდა გენახათ რას ჰგავდა. იყო ერთი უსახური, დაბანჯგლული, დაბალი ფეხებით, საშინელი გადმოკარკლული თვალებით, პატარა ტანის. ეროსისთან სახლში სუფრასთან რომ ვიჯექით, მინიმუმ შარვლის ტოტს მაინც შეგიჭამდა. მაგრამ, ეროსი გიჟდებოდა ამ ძაღლზე. კარგი ბიჭი იყავი და ტანგოზე აუგი გეთქვა. იმ წუთში გარეთ გაგაგდებდა."
ერთხელ, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე რუმინეთში მიემგზავრებოდა. ეროსი მანჯგალაძეს ტანგოს წაყვანის ნება არ დართეს. ამის გამო, მსახიობმა ბუქარესტში წასვლაზე უარი განაცხადა. ეროსი მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როდესაც ძაღლის კინოლოგთან დატოვებას დაპირდნენ. გასტროლების ბოლოს, საბჭოთა საელჩომ ქართველი მსახიობებისთვის ბანკეტი გამართა. ელჩმა ეროსის სადღეგრძელოს თქმა სთხოვა. ეროსი წამოდგა და თქვა: "მე ვსვამ ტანგოს სადღეგრძელოს". რა თქმა უნდა, ელჩმა თბილისში დატოვებული ძაღლის შესახებ არაფერი იცოდა. მან ჩათვალა, რომ მანჯგალაძე არგენტინული ტანგოს თაყვანისმცდემელი იყო და ორკესტრს ტანგოს შესრულება სთხოვა.
როდესაც ტანგო მოკვდა, ეროსიმ ეს ამბავი ძალიან განიცადა. და ძაღლი დიდი ზარ-ზეიმით კუს ტბაზე დაასაფლავა.
ეროსი სპექტაკლისთვის მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებდა. როდესაც წარმოდგენა ჰქონდა, იგი არც სიგარეტს ეწეოდა და არც ალკოჰოლურ სასმელს იღებდა. ხმის გასაწმენდად, ყელს ბაქტერიოფაგში დამზადებული სპეციალური იოდის ხსნარით ივლებდა. მანჯგალაძეს თეატრში საკუთარი მაყურებელი ჰყავდა. ხალხი, რომელიც სპეციალურად მის სანახავად დადიოდა. ეროსის შეეძლო ეთემაშა ტრაგედიაც, ფარსიც და კომედიაც. მის სამსახიობო ნიჭს საზღვარი არ ჰქონდა.. როდესაც ეროსი თამაშობდა, თოთოეულ მაყურებელს ეჩვენებოდა, რომ მსახიობი მხოლოდ მისთვის გამოდიოდა სცენაზე. არასოდეს არ გამოსულა სცენაზე ვალის მოსახდელად. იგი სპეციალურად ემზადებოდა იმისთვის, რომ მაყურებელს წარმოდგენისგან სიამოვნება მიეღო. ეროსის ნებისმიერი როლი საინტერესო იყო. მანჯგალაძის შესრულებული უარყოფითი პერსონაჟებიც კი იწვევდა მაყურებლის სიმპათიას.
30 წლის იყო, როდესაც ეროსიმ მეფე ოიდიპოსის სახე შექმნა. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრში ოიდიპოსს ერთბაშად ოთხი მსახიობი თამაშობდა: აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე და ეროსი მანჯგალაძე. იგი ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა როგორც ოიდიპოსს, ასევე დათვის როლს "ჭინჭრაქა"-ში. რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა "ჭინჭრაქა" მსახიობთა იმპროვიზაციაზე ააგო. ერთ-ერთი მთავარი იმპროვიზატორის როლს ამ შემთხვევაში ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. რუსთაველის მცირე დარბაზის სცენაზე მსახიობებს სრული თავისუფლება მიეცათ:
სოსო ლაღიძე (მსახიობი): "ეროსი თამშობდა დათვს. უნდა გენახათ, რას არ იგონებდა ამ როლისთვის. იმდენად იყო შეყვარებული ამ დათვის როლზე, ღამეები ფიქრობდა. იმპროვიზაციას პირდაპირ წარმოდგენის დროს მიმართავდა. სპექტაკლში ასეთი სცენა იყო, რომ მხეცები ერთმანეთს გამოცანებს ეუბნებიან. შუა წარმოდგენისას მანჯგალაძემ უცებ თავისი გამოცანა მოიგონა, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. ეროსის დათვი უცებ მედეა ჩახავას მელიას ეკითხება: აბა მითხარი ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდეს რა იქნებაო. ჩახავამ ვერაფერი უპასუხა და მდგომარეობიდან გამოსასვლელად ეროსის კითხვა პირიქით შეუბრუნა - აბა შენ თვითონ მიპასუხე რა იქნებაო. როგორ კაცო, არ იცი ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდეს ის თვითმფრინავი იქნებოდაო - უთხრა გაკვირვებულმა ეროსიმ. მსახიობებმა სიცილისაგან თავი ძლივს შეიკავეს."
სპექტაკლში "პეპო", სადაც მანჯგალაძე ზიმზიმოვს თამაშობდა, იგი როლში ისე შევიდა, რომ სცენაზე მედეა ჩახავას უეცრად ყეფა დაუწყო:
მედეა ჩახავა: "სამჯერ დამიყეფა. მეც სამჯერ ვუპასუხე კნავილით. ატყდა ამ კატა-ძაღლის ჩხუბი სცენაზე. ორკესტრი ვეღარ უკრავს, კულისებში ხალხი სიცილით იხოცება. ეს ყეფა მაყურებელს ისე მოეწონა, რომ მისი დატოვება გადავწყვიტეთ. შემდეგ წარმოდგენებში კატა-ძაღლის ეპიზოდს სრულად ვთამაშობდით, რაზემ პუბლიკა ძალიან ხალისობდა. თუმცა, მსახიობების გარდა არავინ იცოდა, რომ ეს სცენა მთლიანად ეროსი მანჯგალაძის მოგონილი იყო."
მნიშვნელობა არ ჰქონდა რა როლს ასრულებდა ეროსი. მეორე პლანის თუ ეპიზოდურ როლებშიც, მანჯგალაძე ისეთ სახეებს ქმნიდა, რომ მაყურებელს იგი სამუდამოდ ამახსოვრდებოდა. კინოში ეროსი მანჯგალაძემ სულ 14 როლი ითამაშა. "ყარყვარე" (კაკუტა), "ქალაქი ანარა", "ნატვრის ხე" (ბუნბულა), "ქვევრი" (სამჭკუაშვილი), "ვერის უბნის მელოდიები" (გევურქოვი), "შეხვედრა წარსულთან" (ვარდენი), "ლონდრე" (მღვდელი), "ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი" (დათიკო), "თოჯინები იცინიან" (სევერიანი), ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც ეროსიმ დაუვიწყარი სახეები შექმნა. მთავარ როლში იგი თითქმის არ ყოფილა, თუმცა სახასიათო ტიპაჟები ყველგან შექმნა.
ეკრანზე იგი ზოგჯერ საერთოდ არ ჩანდა. მაგრამ, თავისი განუმეორებელი ხმის წყალობით, მანჯგალაძეს ეკრანის მიღმაც ცნობდნენ. ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა", მსახიობ ვასილ ჩხაიძის პიპინიას სწორედ ეროსი ახმოვანებდა.
ისევე როგორც თეატრის სცენაზე, ეროსი იმპროვიზაციას კინოშიც ხშირად მიმართავდა. "ლონდრე"-ში მანჯგალაძის მიერ განსახიერებულმა მღვდელმა, სცენარს გადაუხვია და იმ წუთში რასაც ფიქრობდა ის თქვა: "სახლში ვარ თუ არა ვარ?" ვერის უბნის მელოდიებში კი დოდო აბაშიძესთან და რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად იგი უბრალოდ ერთობოდა. იგივე იყო ფილმში "თოჯინები იცინიან". სცენაში, სადაც სევერიანი იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟს გამოგონილი პროფესორის სახელით სტუმრობს, ოჯახის უფროსი თავის სანათესაოს აცნობს. ამ მომენტში ეროსიმ უეცრად ფრანგულად დაიწყო საუბარი. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მსახიობებიც კი დაიბნენ და ეს დაბნეულობა ამ სცენას ეტყობა კიდეც.
"უჩინმაჩინის ქუდი", "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "გვადი ბიგვა", "ხიდი", "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება". ეს იმ ტელესპექტაკლების არასრული ჩამონათვალია, სადაც, ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. იმ პერიოდში მონტაჟი არ არსებობდა, ამიტომ სატელევიზიო სპექტაკლები, ერთიანად, შეცდომის გარეშე უნდა ჩაწერილიყო. ეროსი თავის როლსაც თამაშობდა და თან პარტნიორებსაც ეხმარებოდა.
ზურაბ კანდელაკი (რეჟისორი): "ვიღებთ საათნახევრიან სპეკტაკლს "გამარჯობა ჩვენო მამებო". მოქმედება ერთ ოთახში მიმდინარეობდა, ამიტომ მთლიანად ვიწერდით, პაუზის გარეშე. ძალიან რთული სამუშაო იყო. საკმარისი იყო ვინმეს ერთხელ შეშლოდა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიხდებოდა. ეროსი თამაშობდა ერთ-ერთი უარყოფითი მამის როლს. მისი პერსონაჟი მდიდარი, კარგად ჩაცმული, მაგრამ ამავე დროს გაუნათლებელი, თავის თავში დარწმუნებული ხეპრე იყო. გადაღების დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა. სცენარის მიხედვით, მანჯგალაძის პერსონაჟი გაბრაზებული ტოვებდა მშობელთა კრებას და კარს იჯახუნებდა. ეროსი კი გავიდა ოთახიდან, მაგრამ უეცრად უკან შემობრუნდა, კარებში თავი შემოყო და მასწავლებელს რუსულად უკმეხი ტონით უთხრა: "ტოჟე მნე გოგებაშვილი". სცენარში მსგავსი არაფერი იყო, არც რეპეტიციაზე უთქვამს ეს ფრაზა ეროსის. უბრალოდ მან ჩათვალა, რომ მისი პერსონაჟი იმ მომენტში ასე მოიქცეოდა და იმწამსვე შეასრულა. ეპიზოდი დავტოვეთ და შემდეგ ეს ფრაზა მთელ ქალაქს მოედო."
30 წლის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთი და ეროსის ხმა განუყოფელი იყო. მისი საშუალებით რადიომსმენელი საფეხბურთო მინდორს ხედავდა. მანჯგალაძეს გადაცემები ფანტასტიკურად მიჰყავდა. მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ეროსის ხმა სულ რაღაც შვიდი წამით ჩამორჩებოდა. პირველი რადიორეპორტაჟი, მანჯგალაძეს 1946 წელს შესთავაზეს. მაშინ იგი სულ 20 წლის იყო. ფეხბურთის გამო, ეროსი კინაღამ ინსტიტუტიდან დაითხოვეს.
თავად მანჯგალაძე ამ ამბავს ასე იხსენებს: "ვამთავრებდი თეატრალურ ინსტიტუტს. ორ კვირაში მაყურებლისთვის სადიპლომო სპექტაკლი უნდა გვეჩვენებინა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს მე ვასრულებდი. აბა წარმოიდგინეთ, ასეთ დროს მიატოვო ინსტიტუტი, ამხანაგები, სპექტაკლი. მოკლედ ისეთი დიდი და დაუოკებელი იყო სურვილი მოსკოვის ნახვისა, მატჩის ქართულ ენაზე რეპორტაჟისა, რომ იმ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს - ეს იყო 1946 წელს, დავკარ ფეხი და გუნდთან ერთად მოსკოვში ამოვყავი თავი: ყურადღება, ყურადღება ლაპარაკობს მოსკოვი ამხანაგო რადიომსმენელებო ვიწყებთ პირველ საფეხბურთო რადიორეპორტაჟს ქართულ ენაზე მოსკოვიდან. ბედნიერება მე მხვდა წილად საპატიო და საამაყო მოვალეობის შესრულებისა."

მანჯგალაძემ მოსკოვიდან ფეხბურთის მატჩის პირველი ქართული რადიორეპორტაჟი განახორციელა. დებიუტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ აკაკი ხორავამ თეატრალური ინსტიტუტიდან მისი გარიცხვა გადაიფიქრა. ეროსი "ეტყობა, ისეთნაირად ვღელავდი და განვიცდიდი, რომ აკაკი ხორავას ცრემლიც კი აუციმციმდა თვალზე და ჩემსავე ტონში შესძახა რადიორეპროდუქტორს, ანუ მე შემომძახა, ჩამბრძანდები აქ და გაიგებ რა ბედნიერებაც გხვდა წილად ვაჟბატონო."
ეროსი მატჩისთვის წინასწარ არასოდეს ემზადებოდა. რეპორტაჟის დროს მიკროფონთან ისევე თამაშობდა, როგორც თეატრის სცენაზე. რადიოში მისი ხავერდოვანი ხმა მუდამ დამაჯერებელი იყო. საფეხბურთო შეხვედრებს ისე პროფესიულად უძღვებოდა, რომ უბრალო მსმენელს ახალგაზრდა ეროსი, სულ მცირე 40 წლის მაინც ეგონა.
ნუგზარ ჯუღელი: "მე ეროსი კაცი არ მეგონა. ეროსი მეგონა რაღაც ტექნიკა, რაღაც მანქანა. არ მეგონა თუ ეს კაცი ჭამს, წყალს სვამს. მე-11-ე კლასში ვიყავი, როცა ეროსი ცოცხლად ვნახე. როდესაც მითხეს ეს ეროსი მანჯგალაძეაო ვერ დავიჯერე. ვხედავ ცოცხალი ადამიანია. ასე გაშტერებული დავდექი და ვუყურებდი ამ კაცს. როცა დაილაპარა მივხვდი, რომ ის მართლაც ცოცხალი იყო."
გასვლით შეხვედრებში ეროსი მუდამ გუნდთან იყო. ფეხბურთელებთან ერთად მგზავრობდა და მათთან ერთად ცხოვრობდა. მატჩის შემდეგ, გასახდელში მანჯგალაძე ერთ-ერთი პირველი შედიოდა.
სიომა ბარქაია (ფეხბურთელი): "თუ თამაშს მოვიგებდით, მისი თვალები სიხარულით სავსე იყო. არაფერს არ გვეუბნებოდა, გვიყურებდა და მზერით გვეფერებოდა. ან რაღაც ერთ რეპლიკას გვეტყოდა და ყველას გაგვაცინებდა. თამაშის შემდეგ სადმე დავჯდებოდით, პატარას დავლევდით და ეროსი თამაშს გაგვირჩევდა. მატჩის ყველა დეტალი ახსოვდა ზეპირად და ფეხბურთშიც მწვრთნელივით ერკვეოდა."
ქართულ საფეხბურთო რეპორტაჟს სათავე ეროსი მანჯგალაძემ დაუდო. სპეციალური ტერმინოლოგიის შესამუშავებლად იგი კონსულტაციებს მეცნიერ ვუკოლ ბერიძესთანაც კი მართავდა. ეროსის შემოღებულია ტერმინი თანამსაჯი, პირითი ხაზი. მასვე ეკუთვნის გამოთქმა - გოლი მომწიფდა. მიუხედავად ამისა, ეროსი სპორტული კომენტატორი არ იყო. იგი მხოლოდ ფეხბურთის რეპორტაჟებს გადმოსცემდა. სპორტის სხვა სახეობებზე მანჯგალაძემ უარი განაცხადა. ფეხბურთი მისთვის სპორტზე მეტი იყო.
საბჭოთა ეპოქაში რადიორეპორტაჟის გაძღოლა მოსკოვში დადგენილი ინსტრუქციით ხორციელდებოდა. ამის გამო, კომენტატორს მუშაობა გარკვეულ ჩარჩოში უწევდა. თუმცა, ეროსი იმპროვიზაციას ასეთი შეზღუდვის პირობებშიც ახერხებდა. ერთ-ერთი მატჩისას მანჯგალაძემ დინამოს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი დამალა. ამის შესახებ, მხოლოდ მაშინ გამოაცხადა, როდესაც რადიომსმენელებს ეგონათ, რომ თამაში ფრედ დასრულდა. რეპორტაჟის მსვლელობისას მისთვის გამოუვალი ვითარება არ არსებობდა. თავის დამოკიდებულებას ფეხბურთელების მიმართ პირდაპირ რეპორტაჟის დროს გამოთქვამდა. "დინამოს" მარცხი მისთვის პირადი ტრაგედია იყო. ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის "დინამო" დიდი ანგარიშით მარცხდებოდა. დინამოელთა საჯარიმოსთან მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ქართველმა ფეხბურთელებმა როგორ წესი იყო, ცოცხალი კედელი აღმართეს. ეროსი მანჯგალაძემ, რომელიც "დინამოს" თამაშით უკმაყოფილო იყო, თავისი განწყობის შესაბამისი ფრაზა რადიოეთერში პირდაპირ თქვა: "აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი".
სამაგიეროდ უსაზღვრო იყო სიხარული, როდესაც მისი საყვარელი "დინამო" იგებდა. 1964 წელს სწორედ მანჯგალაძემ გადმოსცა ტაშკენტიდან თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" ოქროს მატჩი. მისმა ხმამ ახარა ქართველ გულშემატკივარს, რომ "დინამომ" საბჭოთა კავშირის პირველობა მოიპოვა. ქართველების მიერ მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანისას ეროსი მანჯგალაძის შეძახილი - "არის! არის", საბრძოლო ყიჟინას გავდა.
რუსთაველის თეატრის გუნდში ფეხბურთს ეროსი თავადაც თამაშობდა. თუმცა რეპორტაჟებისგან განსხვავებით, ეს გაცილებით უარესად გამოსდიოდა. ტრუსებსა და მაისურში გამოწყობილი მანჯგალაძის მოედანზე გამოჩენა მაყურებელთა დაუფარავ მხიარულებას იწვევდა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივი თეატრის მსახიობებთან გამართული ერთ-ერთი მატჩის მიწურულს, ეროსის თეთრთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მიანდეს. მისი დარტყმული პენალტი კუთხურის ალამს გადასცდა.
საფეხბურთო რეპორტაჟი ეროსიმ უკანასკნელად 1975 წელს გადმოსცა. ტელევიზიის განვითარებამ რადიოგადაცემა თანდათან დაჩრდილა. მანჯგალაძის იმპროვიზაცია და წარმოსახვა სატელევიზო ჩარჩოებში ვერ ეტეოდა. ეკრანზე მოქმედება ისედაც კარგად ჩანდა. ეროსის კი მშრალი კომენტარი არ აკმაყოფილებდა.
ეროსი ცამეტი წლის იყო, როდესაც დედამისი ლოგინად ჩავარდა. თამარ ბენდუქიძე ხიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. რამდენიმე წლის შემდეგ, ომში მისი უფროსი ძმა, რეზო დაიღუპა. 1943 წელს მამა დააპატიმრეს. ოჯახზე მზრუნველობა ეროსიმ დაიწყო. 17 წლის ახალგაზრდა საკუთარ თავზე მეტად სხვებზე უფრო ფიქრობდა. მოგვიანებით, სხვების დახმარება ცხოვრების წესად ექცა. კომუნისტურ პარტიაში ეროსი 31 წლის შევიდა. წლების შემდეგ, იგი რუსთაველის თეატრის პარტკომი გახდა. პარტიასაც და თანამდებობასაც იგი მხოლოდ სხვების დასახმარებლად იყენებდა.
სოსო ლაღიძე: "ეხმარებოდა ყველას, ვინც კი მას დახმარების თხოვნით მიმართავდა. ნაცნობსაც და უცნობსაც. ბოლოს ეს დახმარება იქამდე მივიდა, რომ ეროსის კოლმეურნეობების დახმარებასაც კი სთხოვდნენ. მას ყველა იცნობდა, ამიტომ ამა თუ იმ რაიონისთვის ტრაქტორის და კომბაინების გამოყოფაზე უარს ვერავინ ეუბნებოდა."
იგი უწყინარი და მორიდებული ადამიანი იყო. ეზოს ბავშვები მას ერიკოს ეძახდნენ და ფეხბურთის სათამაშოდ ეპატიჟებოდნენ. მას ეროსი ერქვა - სიყვარულის ღმერთის სახელი.